ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა

ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა

იცით, როგორ აკოცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს? ან რატომ უწყობდნენ სუფრას მეწამული ფერის ჭურჭლით სამეგრელოს მთავრის ვაჟს, ნიკო დადიანს? შესაძლოა, არც ის იცით, მთავრის ასული, სალომე, უმოკლეს დროში როგორ იგებდა, რომელ ქვეყანაში რომელი საათი იყო...

ამ და კიდევ უამრავ საინტერესო ამბავზე თბილისში, ხელოვნების სასახლეში 15 აპრილიდან გამოფენილი ნივთები გვიამბობენ.

"კვირის პალიტრას" ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ლილი ბერაია და ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე ესაუბრნენ.

ირაკლი ზამბახიძე: - დადიანების ნივთების გამოფენა ორ, ზამბახებისა და ოქროსფერ დარბაზში გაიმართება. მოგეხსენებათ, ხელოვნების სასახლე განთავსებულია პრინც ოლდენბურგისა და მისი მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის ყოფილ, სიყვარულის სასახლეში, რომლის ამბებიც ლეგენდებსა და უცნაურობებს უკავშირდება. ამიტომაც ზამბახების დარბაზის შესახებაც გიამბობთ. ოთახი ზამბახების ორნამენტებით ყოფილა მოხატული და ზამთარ-ზაფხულ ლარნაკში ოქროსფერი ზამბახები ყელყელაობდნენ, რომელსაც, თუ საქართველოში სეზონი არ იყო, გრაფი ბაქოდან აგზავნინებდა.

რესტავრაციამდე ზამბახების ორნამენტების კვალი წაშლილი იყო. გრაფის და გრაფინიას აქედან წასვლის შემდეგ ახალ მფლობელებს რემონტი ჩაუტარებიათ და ძველი ფენა, ლეგენდად ქცეულ ოქროსფერ ზამბახებთან ერთად, წარსულს ჩაჰბარებია. შეძლებისდაგვარად გავაცოცხლეთ კედლის ფრაგმენტი. ოქროსფერ დარბაზში გასასვლელი კარის მინაზე გამოსახულია მონოცეროზი, რქიანი, მითური ცხენი, რომელიც ჯვაროსნებისთვის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის, ქალის სიწმინდის და განსაკუთრებული ღირსების სიმბოლო იყო. პრინცს ისე უყვარდა ცოლი, რომ თურმე ამ მითურ არსებას ადარებდა. ამიტომაც მონოცეროზი შენობის გარე კედელზეც არის გამოსახული.

ლილი ბერაია: - ამ, ოდესღაც დიდი სიყვარულით გაჟღენთილ დარბაზებში, აუცილებლად უნდა გამოგვეფინა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ნაქონი ნივთი, რომელიც ასევე სიყვარულთან იქნებოდა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ასეთია საქანელა-საკოცნელა - ბორბლის ფორმის ჭიქებიანი "კარუსელი".

ეს იყო XIX საუკუნეში ქართველი დიდგვაროვნების საყვარელი გასართობი. "კარუსელზე" დაკიდებულია წყვილ-წყვილი სხვადასხვა ფერის ჭიქა, რომელშიც ღვინოს ასხამდნენ. შემდეგ მოტრიალე ბორბალზე ახალგაზრდები ჭიქებს თვალდახუჭული ირჩევდნენ. ვისაც ერთი ფერის ჭიქები შეხვდებოდა, ერთმანეთს კოცნიდნენ.

ერთ დღესაც ჭავჭავაძეების ოჯახში სტუმრად მისული ახალგაზრდა პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილიც ჩაერთო თამაშში. ალბათ ოცნებობდა, იმ დღეს იღბალი მის მხარეს ყოფილიყო და ეკატერინეს ჭიქის წყვილი ჭიქა რგებოდა. დატრიალდა ბორბალი და ბედმა გაუღიმა პოეტს - ქალ-ვაჟს ხელში ერთნაირი ჭიქები ეჭირათ... ბედნიერებისგან აღელვებული ნიკოლოზი თურმე ათრთოლებული ქალის საყურესღა ხედავდა... ლეგენდის თანახმად, თუ სხვა ახალგაზრდების კოცნა უბრალოდ თამაში იყო და მას სიცილ-კისკისი ახლდა, ამ დროს ყველა გაჩუმდა, ნიკოლოზი კი ეკატერინესკენ დაიხარაო... ამბობენ, ეს უნდა ყოფილიყო პოეტის პირველი და უკანასკნელი კოცნა სატრფოსთვის. ეკატერინესთვის იმ დღიდან საქანელა-საკოცნელა მარადიულ ნივთად იქცა. ამბობენ, ეს სათამაშო, სადაც უნდა წასულიყო, ყველგან თან დაჰქონდაო. როდესაც ეკატერინე გარდაიცვალა, საქანელა, რომელიც ბედის ბორბალსაც შეგახსენებთ, თურმე სასთუმალთან ედგა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის და ქმრის ერთგული იყო, როგორც ჩანს, ბარათაშვილი არასოდეს დავიწყებია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს